3R ინიციატივის შესახებ

მთელს მსოფლიოში, მოსახლეობის ზრდასთან ერთად, აქტუალური ხდება ნარჩენების მართვის პრობლემა. 2005 წელს, იაპონიაში ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია  3R-ის ინიციატივის დანერგვასთან დაკავშირებით. მომდევნო წლის მარტში (2006 წელი) ქ.ტოკიოში,  შეიკრიბა  მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელი 3R-ის ინიციატივის განსახილველად. შეხვედრაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების მთავრობებს ავალდებულებს ხელი შეუწყონ 3R-ის ინიციატივის დანერგვას, ასევე მის პოპულარიზაციას მსოფლიოში.
ტერმინი - 3R შესაბამისი სამი სიტყვის (ანუ იმ სამი ქმედებისა, რომელიც ყველაზე მთავარია ნარჩენების მართვის პროცესში) პირველი ასოების ერთობლიობას წარმოადგენს. ესენია:
Reduce – შემცირება;
Reuse – ხელახალი გამოყენება;
Recycle – რეციკლირება ანუ გადამუშავება.

ნარჩენების შემცირება (Reduce) გულისხმობს, ნაკლების ყიდვას და შესაბამისად ნაკლების მოხმარებას. ნარჩენების შემცირების გარდა, ამ პროცესში ასევე იგულისხმება მოხმარებული ენერგიისა და რესურსების შემცირებაც.ნარჩენების ხელახალი გამოყენება (Reuse) გულისხმობს უკვე მოხმარებული ნივთების მეორად გამოყენებას. ეს შეიძლება იყოს ნივთების იგივე ან სხვა დანიშნულებით გამოყენება. ხელახალი გამოყენების კლასიკური მაგალითებია: მინის ბოთლების ჩაბარება საწარმოში სადაც მას ხელახლა იყენებენ პროდუქციის ჩამოსასხმელად, ავტომობილების და მათი ნაწილების ხელახალი გემოყენება, მეორადი ტანსაცმლით სარგებლობა და სხვა.ნარჩენების რეციკლირება ანუ გადამუშავება (Recycle) ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების მთავარი კომპონენტად ითვლება და გულისხმობს გამოყენებული ნივთის ან ნარჩენის ტექნოლოგიურ გადამუშავებას სხვა პროდუქტად. რეციკლირების შედეგად მცირდება ნედლი მასალის ან რესურსის მოხმარება, რაც თავის მხრივ ზოგავს ენერგიას, ამცირებს ჰაერის და წყლის დაბინძურებას (ნაგავსაყრელებიდან) და ა.შ. დღეისათვის ფართოდ მოხმარებული ნივთების უმეტესობა გადამუშავებას ექვემდებარება.2003 წელს ევროკავშირში მიღებულია სპეციალური კანონი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ავალდებულებს დაახარისხონ კონკრეტული 7 სახის ნარჩენი და გააგზავნონ ისინი შესაბამის ადგილებში რეცილკირებისთვის. ეს მასალებია: ალუმინი,  მუყაო,  მინა,  ქაღალდი,  პლასტმასი,  ფოლადი,  ხის ნაკეთობა.სამწუხაროდ, 3R-ის ინიციატივის  წარმატებით შესრულების დროსაც კი რჩება ისეთი ნარჩენები, რომლებსაც ვერც გადავამუშავებთ და ვერც ხელახლა გამოვიყენებთ. ამიტომ ნარჩენების მართვაში 3R-ის  გარდა დამატებითი კომპონენტებიც არსებობს. ყველა ეს კომპონენტი ერთად აღებული ქმნის ე.წ. “ნარჩენების იერარქიას”, რომლის საფუძველი მაინც 3R-ის ინიციატივაა.,,ნარჩენების იერარქიის” მთავარი ამოცანაა, ნარჩენების მართვის შედეგად ადამიანებმა მაქსიმალური პრაქტიკული სარგებელი მივიღოთ და მინიმალური ზიანი მივაყენოთ გარემოს. დღეისათვის ნარჩენების იერარქიის ევროპული მოდელი 5 ძირითადი კომპონენტისაგან შედგება: 1. შემცირება; 2. ხელახალი გამოყენება; 3. გადამუშავება; 4. ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად და 5. ნარჩენების განთავსება.



ნარჩენების იერარქიის მეოთხე კომპონენტია ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად (Energy Recovery), რომელიც გულისხმობს ნარჩენების დამუშავებას/დაწვას, რომლის დროსაც წარმოიქმნება სასარგებლო ენერგია. ნარჩენების ენერგიად გარდაქმნის საუკეთესო მაგალითია ნაგავსაყრელებიდან გამომუშავებული ენერგია,  რომელიც დასახლებული პუნქტების ცეტრალური გათბობისათვის და ელექტრო-ენერგიის მისაღებად შეიძლება გამოიყენოთ. მსგავსი ქმედებები რეგულირდება შესაბამისი კანონით.
უნდა აღინიშნოს რომ, ბევრ ქვეყანაში ნარჩენების თერმული დამუშავება ან დაწვა კანონით იკრძალება,  თუკი ამის შედეგად არ გამომუშავდება სასარგებლო ენერგია. ხშირ შემთხვევაში ხდება ნარჩენების დამარხვა, რაც არასწორი ტექნოლოგიების შემთხვევაში მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანთა ჯანმრთელობას. გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხო ნაგავსაყრელის მოწყობა დიდ  ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ნარჩენების იერარქიის მოდელს ამობრუნებული  პირამიდის სახით გამოსახავენ. პირამიდის თავში მოთავსებულია ყველაზე მნიშვნელოვანი და სასურველი ქმედება - შემცირება, შემდეგ მეორე პრიორიტეტი - ხელახალი გამოყენება, გადამუშავება და ა.შ. 
ნარჩენების სწორი მართვა საკმაოდ რთული პროცესია.

მასალა გამოყენებულია  ვებ-გვერდიდან www.cleanup.ge

No comments:

Post a Comment